შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან
ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსში, ქართველი სტუდენტების ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კულტურის დღეები გაიმართა. ღონისძიების თარიღად ევროპის დღე იქნა შერჩეული. ქართული კულტურის, ისტორიის, დამწერლობის, სამზარეულოსა და სხვა ღირშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, კოლეჯის სტუდენტებმა ღონისძიების მთავარი ნაწილი, „ვეფხისტყაოსანს“ დაუთმეს.
15 მაისი შოთა რუსთაველის დღედ არის გამოცხადებული, სწორედ ამიტომ სიმბოლურად კოლეჯის სტუდენტებმა სტროფები რუსთაველის უკვდავი პოემიდან თავიანთ თორმეტ ენაზე გააჟღერეს.
ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი დაესწრო, რომელმაც საქართველოს ისტორიულ ევროპულ წარსულსა და მომავალზე ისაუბრა. ელჩმა აქცენტი გააკეთა „ ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ მნიშვნელობაზე და ნატოლონის კოლეჯის ბიბლიოთეკას საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა გადასცა.