Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმრებს!

მე ვარ დიანა ჟღენტი, საქართველოს პირველი ქალი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

პატივი მაქვს, წარმოგიდგინოთ ჩვენი საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოთი დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ასევე, გვერდის მომხმარებლისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაა.

საქართველოსა და პოლონეთს საუკუნეების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, საერთო იყო ბევრი რამ - ღირებულებები, დამოუკიდებლობისთვის სწრაფვა, ამასთან, რეგიონალური საფრთხეები, თუ, გამოწვევები. იყო არაერთი მიღწევა და გამარჯვება.

პოლონეთი ყოველთვის მოწინავეა საქართველოს მხარდაჭერაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის დროს პოლონელი ხალხისა და პირადად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის უდრეკი თანადგომა.

საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მდიდარი კულტურისა და ტრადიციის მქონე დემოკრატიული და სტაბილური ევროპული ქვეყანაა, რომლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა წარმოადგენს; ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ გზაზე, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქომაგი და პარტნიორია.

საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი დინამიურია და მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-თავდაცვით, განათლებისა და კულტურის სფეროებს. საუკუნოვანი ხალხთა შორისი კეთილგანწყობა დღესაც აქტუალური და მჭიდროა.

ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის, მთავარი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და გაძლიერება. ამ საპატიო საქმეში თქვენი თანადგომის იმედი მაქვს.