ბიომეტრიული პასპორტი
პასპორტი სრულწლოვანი პირისთვის (18 წლიდან)
პასპორტი არასრულწლოვანი პირისთვის (0-17 წლის)
პირადი ნომრის მინიჭება (პირველადი პასპორტის გაცემისას)
პასპორტის მიღება სახლიდან გაუსვლელად
სრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 ელექტრონულ ფორმატში (ფლეშ-მატარებელზე, CD დისკზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით);
-
დაკარგული პასპორტის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს. ასეთი სახის ცნობა შეიძლება იყოს შედგენილი/ნათარგმნი ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე. ლეგალიზაცია ან/და აპოსტილის ბეჭდით დამოწმება არ მოითხოვება. ცნობაში მითითებული უნდა იყოს დაკარგული (მოპარული) პასპორტის რეკვიზიტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალი პასპორტის მიღების შედეგად, დაკარგული (მოპარული) პასპორტი გაუქმდება, ხოლო ინფორმაცია მისი გაუქმების შესახებ, პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვით, მიეწოდება ინტერპოლს.
სრულწლოვანი პირისთვის პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 10 წლის ვადით.
-
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ მიღების დროს და შესავსებად გადმოგეცემათ საფოსტო ეტიკეტი, სადაც მიუთითებთ თქვენს საფოსტო მისამართს. პასპორტის მიღების შემდეგ, საკონსულო სამსახური გამოგიგზავნით მას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯს იხდის მიმღები. საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე;
-
თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები. ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში.
ცნობისთვის: დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია მეორე ბიომეტრული მონაცემების შემცველი პასპორტის მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში, პასპორტის მოქმედების ვადა იქნება განისაზღვრება 1 წლით.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
-
მოთხოვნა გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
-
ვერ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
-
წარმოდგენილი იქნა ყალბი და ძალადაკარგული დოკუმენტები;
-
შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება ან/და მისი საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დადგენა.
არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის პირველადი პასპორტის მიღებამდე, აუცილებელია მას მიენიჭოს პირადი ნომერი. პირადი ნომრის მინიჭისთვის საჭიროა დამატებითი ვიზიტის დაჯავშნა საკონსულოში. მომსახურების ვადაა 2 სამუშაო დღე. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 ელექტრონულ ფორმატში (ფლეშ-მატარებელზე, CD დისკზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით);
-
მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ვებ-გვერდზე მოცემულ შეღავათებს. არასრულწლოვანისთვის პასპორტის მიღებისთვის, მონიშნეთ "50% - 18 წლამდე ასაკის პირები".
-
არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა. პოლონეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით;
-
16 წლამდე არასრულწლოვანებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, რომელიც შეიძლება გამოხატული იქნას საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით ან დამოწმებული იქნას სანოტარო წესით.
-
პასპორტის მისაღებად, სავალდებულოა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში/საკონსულო დაწესებულებაში 9 წლიდან ასაკის მოქალაქეების პირადი გამოცხადება. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მინდობილი პირის მეშვეობით მიმართვაზე.
-
დაკარგული პასპორტის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს. ასეთი სახის ცნობა შეიძლება იყოს შედგენილი/ნათარგმნი ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე. ლეგალიზაცია ან/და აპოსტილის ბეჭდით დამოწმება არ მოითხოვება. ცნობაში მითითებული უნდა იყოს დაკარგული (მოპარული) პასპორტის რეკვიზიტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალი პასპორტის მიღების შედეგად, დაკარგული (მოპარული) პასპორტი გაუქმდება, ხოლო ინფორმაცია მისი გაუქმების შესახებ, პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვით, მიეწოდება ინტერპოლს.
არასრულწლოვანი პირისთვის პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 3 წლის ვადით.
- იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ მიღების დროს და შესავსებად გადმოგეცემათ საფოსტო ეტიკეტი, სადაც მიუთითებთ თქვენს საფოსტო მისამართს. პასპორტის მიღების შემდეგ, საკონსულო სამსახური გამოგიგზავნით მას თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯს იხდის მიმღები. საკონსულო სამსახური არ იღებს პასუხისმგებლობას საფოსტო მომსახურების ხარისხზე;
-
თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები. ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში.
ბავშვისთვის პირველადი პასპორტის მიღებამდე, აუცილებელია მას მიენიჭოს პირადი ნომერი. ამისათვის საჭიროა HTTPS://GEOCONSUL.GOV.GE ვებ-გვერდზე ვიზიტის დაჯავშნა, "საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია (პირადი ნომრის მინიჭება)" მოქმედების არჩევა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
-
ერთ-ერთი მშობლის (საქართველოს მოქალაქის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5 x 4.5 ელექტრონულ ფორმატში (ფლეშ-მატარებელზე, CD დისკზე ან ელ. ფოსტის მეშვეობით);
-
არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა. პოლონეთში გაცემული დაბადების მოწმობა უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, ნათარგმნი ქართულ ენაზე და თარგმანიც დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით;
14 წლის ზემოთ პირები, რეგისტრაციის მიზნებისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდნენ პირადად.
მომსახურების გაწევის ვადაა 2 სამუშაო დღე. მომსახურება უფასოა.
ბავშვისთვის პირველ ბიომეტრიულ პასპორტზე განცხადების შემოტანა ხდება მხოლოდ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ.
პასპორტის მიღება სახლიდან გაუსვლელად
როგორ მივიღო ბიომეტრიული პასპორტი სახლიდან გაუსვლელად?
სახლიდან გაუსვლელად ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ვებგვერდზე https://sda.gov.ge/?page_id=5319 უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება ბიომეტრიული პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით.
ვის შეუძლია ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მიღება?
დისტანციური მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
რა შემთხვევაში გაიცემა პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების გარეშე?
ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი შეიძლება გაიცეს, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა 1 წლის ვადით.
რა საბუთები და ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად?
ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტოსურათი (იხ. ICAO-ს სტანდარტების ბიომეტრიული ფოტოსურათების მაგალითები), ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.
რამდენია ონლაინ რეჟიმში ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური და დამზადების ვადა?
საზღვარგარეთ მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტი მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 300 ლარი. საქართველოში მყოფ პირზე პასპორტის გაცემის ვადა და საფასურია: მე-10 სამუშაო დღეს - 150 ლარი, მე-5 სამუშაო დღეს - 180 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 225 ლარი, მე-2 სამუშაო დღეს -300 ლარი.
რა შეღავათები მოქმედებს ბიომეტრიული პასპორტის აღებისას?
ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდისას საქართველოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება შემდეგი შეღავათები:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - უფასო;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები - უფასო;
უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია - უფასო;
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები - 50 პროცენტით;
იძულებით გადაადგილებული პირები - 50 პროცენტით;
მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით;
18 წლამდე პირები - 50 პროცენტით;
სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“ და უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით.
როგორ შემიძლია მივიღო დამზადებული ბიომეტრიული პასპორტი?
ამ მომსახურებით სარგებლობისას შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტის მიღების თქვენთვის სასურველი ფორმა: მიიღოთ დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურებით, დაასახელოთ დოკუმენტის გატანაზე უფლებამოსილი პირი ან დამზადებული დოკუმენტი გაიტანოთ პირადად. საზღვარგარეთ მყოფი პირის შემთხვევაში მომსახურებას ახორციელებს ორი გადამზიდავი კომპანია (DHL-ი და შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები“ FedEx-ის ლიცენზირებული წარმომადგენელი საქართველოში), რომლებიც ქვეყნების მიხედვით მომსახურების სხვადასხვა ტარიფსა და დროს გთავაზობთ. საქართველოში მყოფი განმცხადებლის შემთხვევაში მომსახურებას გთავაზობთ საქართველოს ფოსტა. ასევე, შესაძლებელია საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქემ განაცხადში დააფიქსიროს საქართველოში მყოფი პირის მონაცემები, რომელსაც საქართველოს ფოსტის გზავნილით გაეგზავნება დამზადებული პასპორტი. თუ თქვენ აირჩევთ დოკუმენტის მიღებას პირადად ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით, აქაც გეძლევათ შესაძლებლობა დოკუმენტის გაცემის ადგილად აირჩიოთ ნებისმიერი იუსტიციის სახლი ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელში გამოცხადებაც უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის ან თქვენი უფლებამოსილი პირისთვის.
რამდენია საფოსტო მომსახურებით ბიომეტრიული პასპორტის მიღების ვადა და საფასური?
საფოსტო მომსახურების ვადა და საფასური გადამზიდავ კომპანიებს განსხვავებული აქვთ, სხვადასხვა ქვეყნებისათვის იგი სხვადასხვაა. ელექტრონული განცხადების შევსებისას ავტომატურად იანგარიშება საფოსტო კომპანიის მომსახურების ტარიფები და ვადები.
როგორ შემიძლია ბიომეტრიული პასპორტის და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა?
ბიომეტრიული პასპორტის გაცემისა და საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში ელექტრონული განცხადების შევსებისას პლასტიკური ბარათის მეშვეობით ან საქართველოში, ნებისმიერ ბანკში ნაღდი ანგარიშსწორებით.
როგორ უნდა მივხვდე განაცხადი დარეგისტრირდა თუ არა?
განაცხადის წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება აღნიშნული მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განაცხადის ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.
რა შემთხვევაში შეიძლება მეთქვას უარი ბიომეტრიული პასპორტისთვის ელექტრონული განაცხადის წარდგენაზე?
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დისტანციური მომსახურების სამსახურის უფლებამოსილი პირისა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. პირადობის ან წარმომადგენლობის დადასტურებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განაცხადის წარდგენაზე.