ქართველი ოფიცრის საფლავი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქ. ვროცლავში პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს ქართველი ოფიცრის, პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოს “ვირტუტი მილიტარის” კავალერის, მაიორ არტემი არონიშიძის საფლავი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა დავით კურტანიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ქ. ვროცლავში ვოიცეხ ვრუბელმა.
პოლონეთის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ვროცლავის მერიისა და სავოევოდოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს მაიორ არტემი არონიშიძისა და სხვა ქართველი ოფიცრების თავდადებას და ფასდაუდებელ ღვაწლს, რომელიც მათ საქართველოსა და პოლონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეიტანეს.