ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

 

ძვირფასო სტუმარო,

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება  საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. იმედი მაქვს იგი იქცევა ერთ-ერთ ფანჯარად პოლონელებისათვის - მეგობარ საქართველოში.

საიტი დაგეხმარებათ, მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. მისი დანიშნულებაა აგრეთვე, გაგიადვილოთ ჩვენს ქვეყანასთან კონტაქტი: საქმიანი, კულტურული თუ სხვა სახის ურთიერთობათა დამყარება.

მოხარული ვარ, რომ საქართველო-პოლონეთის ისტორიულმა მეგობრობამ ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს პოლონელი ერის, მათ შორის პრეზიდენტ კაჩინსკის მხარდაჭერას იმ მომენტში, როდესაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა!

ამით გაგრძელდა ის დიდებული ტრადიცია, რომელსაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ქართველები პოლონელთა მხარდამხარ იბრძოდნენ რეჩ პოსპოლიტას მეფეთა სამხედრო კამპანიებში, ხოლო 1918 წელს, პოლონელ ძმებთან ერთად, იცავდნენ ვარშავას ბოლშევიკურ ურდოთა აგრესიისგან. პოლონეთი მაშინაც გმირულად იბრძოდა ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის და არ სცნო საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცია 1921 წელს.

მიუხედავად მრავალი სირთულისა, რასაც წარსულიდან შემორჩენილი აგრესიული ძალები გვიქმნიან, საქართველო დღეს დინამიურად ვითარდება. მრავალმხრივმა რეფორმებმა და მოდერნიზაციამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით სულ რამდენიმე წელია ხორციელდება, შესანიშნავი შედეგი გამოიღო: მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა  შეფასებით, საქართველო ლიდერია კორუფციის მიმართ შეურიგებლობით, ბიზნესის დაწყების სიიოლითა და გადასახადების სიმცირით, აგრეთვე მათი სიმარტივით.

საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ნებისმიერი სტუმარი (მით უმეტეს მეგობარი პოლონეთიდან) ქართველებისთვის ღვთის წარგზავნილია. დღევანდელ პრაგმატულ მსოფლიოში კი, ამგვარი დამოკიდებულება გვეხმარება, რათა ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შევუქმნათ განსაკუთრებული პირობები, ხოლო ტურისტები მუდმივად გრძნობდნენ მასპინძელთა სითბოსა და სიყვარულს.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პოლონელისთვის საქართველოში სტუმრობა დაუვიწყარი იქნება. ამასთან, გაცნობებთ: მეგობარი ქვეყნების (მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლონეთის)  მოქალაქეთათვის მოგზაურობის გასაადვილებლად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ უვიზოდ, ფორმალურ მხარეზე დროისა და დანახარჯის გარეშე ესტუმრონ საქართველოს.

საქართველოს საელჩო მზადაა იკისროს გზამკვლევის მისია პოლონელთათვის, რომელთაც აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა ან გეგმავენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.

 

გისურვებთ წარმატებას

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
პოლონეთში

 

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 25
26 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ