ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის გამზირი გახსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან  ანდჟეი დუდასთან ერთად  თბილისში, ვაზისუბანში, ზურაბ პატარიძის ქუჩის მიმდებარედ, პოლონეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის გამზირი გახსნა.

გიორგი ალიბეგაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, იოზეფ პილსუდსკის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიდი ხნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თბილისში ერთ-ერთი გამზირისთვის მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭება საქართველოს მხრიდან პოლონეთის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

აღნიშნული გამზირისთვის იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 28 აპრილს იმსჯელა, დეპუტატებმა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

იოზეფ პილსუდსკიმ (1867-1935) ანტისაბჭოთა მოღვაწეობით და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით გაითქვა სახელი.

საყოველთაოდ ცნობილია  საქართველოს მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება. 1918 წელს როგორც საქართველომ, ასევე პოლონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მიზნით, 1918 წლის შემოდგომაზე თბილისში პოლონეთ-საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო კავშირი დაარსდა. 1921 წლის იანვარში პოლონეთის მთავრობამ ცნო საქართველოს რესპუბლიკა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გასაბჭოების გამო იძულებული გახდა,  სამშობლო დაეტოვებინა, პილსუდსკიმ  პოლონეთში დამკვიდრება შესთავაზა, თუმცა,  მათ საფრანგეთი არჩიეს.

პოლონეთის მთავრობა იოზეფ პილსუდსკის გარდაცვალებამდე (1935 წ.)   ქართველების  შენახვის ხარჯებს ანაზღაურებდა საფრანგეთში.

პილსუდსკის გამზირის გახსნის  ცერემონიალს წარმომადგენლობითი  ორგანოს სახელდებისა და კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ