ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის თაობაზე

2014 წლის 17 ნოემბერს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, კერძოდ ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები.

ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას გაუძღვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე, ვიცე-პრემიერ მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები და პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და საქართველოს ხელისუფლების სამომავალო გეგმები 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისთვის.

ასოცირების საბჭომ ფორმალურად დაამტკიცა „ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს 2014-2016 წლებისთვის და მოიცავს თანამშრომლობის კონკრეტულ პრიორიტეტებს.

პლენარულ სხომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია და ამ არჩევანს მხარს უჭერს ქვეყნის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია და მოსახლეობის უმრავლესობა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, კერძოდ ქმედითი შიდა საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბებას. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა რეფორმების ინტენსიფიკაციისათვის 2015 წლის რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგების დემონსტრირების მიზნით.

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზაზე გადაყვანის შესახებ და გამოითქვა იმედი რომ უახლოეს მომავალში მიღწეულ იქნება უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველზე.

სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელობას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასოცირების საბჭოს შემდეგ გაიმართა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია და სამუშაო ვახშამი. შეხვედრასთან დაკავშირებით გაკეთდა ერთობლივი პრეს-რელიზი.

ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მიგრაციისა და საშინაო საქმეების ევროკომისართან დიმიტრის ავრამოპულოსთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან სესილია მალმსტრომთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შესაბამისი მიმართულებებით ურთიეთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. 18 ნოემბერს დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან მიგელ არიას კანიეტესთან, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისართან კრისტოს სტილიანიდესთან და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ვიოლეტა ბალცთან.

2014 წლის 17 ნოემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ