ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

2014 წლის 13 ოქტომბერს აფხაზეთისა და სხვა საინფორმაციო წყაროების საიტებზე განთავსდა «რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების» პროექტი.როგორც იუწყებიან, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა რუსეთის მხარის მიერ და გადაეცა განსახილველად დე-ფაქტო რეჟიმის ახალ ხელმძღვანელობას.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია და ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს უკავშირდება, ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ რუსეთს ნდობის აღდგენის მიზნით ახალი ორმხრივი დიალოგის ფორმატი შესთავაზა. ამ პოლიტიკის რეალიზაციამ პოზიტიური შედეგები მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენი აზრით, ეს პროცესი ასევე პოზიტიურ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, მნიშვნელოვნად დააზიანებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად, გამოდევნილია საკუთარი სახლებიდან. სამწუხაროდ, ამ ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილზე დარჩენილ აფხაზეთის მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით.

მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას.

2014 წლის 15 ოქტომბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ