ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს უელსის სამიტის შესახებ

საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სამიტის დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკისა და კონკრეტულად, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ "საქართველო გახდება ალიანსის წევრი". ქართული მხარე მიესალმება ალიანსის მიერ ქვეყანაში "დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის" აღიარებას. ამასთანავე, საქართველო ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმების კურსი.

საქართველო მიესალმება და იზიარებს ალიანსის შეფასებას, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან.

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება იყო უელსის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფორმატში ალიანსთან და ასპირანტ ქვეყნებთან დიალოგს და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მის გაღრმავებას.

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია ალიანსის გადაწყვეტილება "არსებით ღონისძიებათა პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ქართული მხარე ადასტურებს სრულ მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა პაკეტის ელემენტების განსახორციელებლად და ხაზს უსვამს ამ პროცესში მოკავშირეთა ორმხრივი დახმარების მოზიდვისა და ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, მოკავშირეთა ცალსახად დადებითი შეფასება საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმების მიმართ და გამოხატული მადლიერება ალიანსის ოპერაციებში და კონკრეტულად ISAF-ში შეტანილი ძალზედ ღირებული წვლილისთვის. ქართული მხარე მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას "პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში" და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში" საქართველოს მიწვევის შესახებ და ხაზს უსვამს ამ და სხვა ფორმატებში ალიანსთან სამხედრო თანამშრომლობისა და თავსებადობის განვითარების მნიშვნელობას.

საქართველოსთვის უაღრესად ფასეულია, ალიანსის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უელსის სამიტზე. საქართველო მიესალმება ალიანსის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ალიანსის შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე.

საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სრულად იზიარებს ალიანსის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული უკანონო სამხედრო ინტერვენციის შესახებ.

საქართველო იზიარებს ალიასნის წევრი ქვეყნების შეშფოთებას ერაყსა და სირიაში მზარდი არასტაბილურობისა და რელიგიური ექსტრემიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების გამო.

აღსანიშნავია უელსის სამიტისას ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "მზადყოფნის სამოქმედო გეგმის" დამტკიცების, ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნისა და აქტივობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი შესაძლებლობების განვითარების შესახებ.

საქართველო მიესალმება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით უელსის სამიტზე მოკავშირეთა მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და როგორც ასპირანტი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორციელებას.

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ