საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

2019 წლის 26 მაისს, ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილესთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. 
კონცერტი საზეიმოდ გახსნა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. საელჩოს მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურისა და აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ორკესტრმა შეასრულა როგორც საერთაშორისოდ ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ისე თავად ვახტანგ კახიძის შემოქმედება. ორკესტრთან ერთად საკონცერტო სცენაზე წარსდგა ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ანა ჭანია.
კონცერტის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება, სადაც ელჩმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა სიტყვით და ისაუბრა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველო - პოლონეთის ასწლოვან ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
კონცერტი განხორციელდა „საქართველო, ევროპა“ - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.