საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვროცლავში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი

2019 წლის 28 მაისს, ვროცლავის ნაციონალური მუსიკალური ფორუმის დიდ დარბაზში გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს.
ღონისძიება საზეიმოდ გახსნეს ქვემო სილეზიის მარშალმა ცეზარე ფშიბილსკიმ, ვროცლავის პრეზიდენტმა იაცეკ სუტრიკმა, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ვოიჩეხ ვრუბელმა.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. კონცერტის შემდეგ გაიმართა ოფიციალური მიღება.
კონცერტი განხორციელდა “პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის” ფარგლებში, ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის, ვროცლავის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, ასევე, „საქართველო, ევროპა“ - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.