საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, ტურიზმის, ასევე საკონსულო საკითხებისა და საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.

ჩემთვის დიდი პატივია და ასევე პასუხისმგებლობა, ვიყო საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და შემდგომ განვითარებას.

საქართველოს და პოლონეთის მეგობრობა შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ყოველთვის აერთიანებდა ქართველ და პოლონელ ხალხს. ჩვენმა საერთო წარსულმა, ასევე საერთო ხედვების და ფასეულობების არსებობამ წარმოშვა საერთო გმირები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისათვის. აღსანიშნავია პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, რომლებმაც 1944 წლის „ვარშავის აჯანყებისას”, პოლონეთის რესპუბლიკისთვის გაწირეს თავი. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ფასდაუდებელი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ერს მუდამ ემახსოვრება!

2019 წელს, ჩვენ ერთად აღვნიშნეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილე. მას შემდეგ, რაც საქართველომ და პოლონეთმა რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ორმა ქვეყანამ ფართომასშტაბიანი ურთიერთობები დაამყარა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 1920-21 წლებში, ქალაქ ვარშავაში ფუნქციონირებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობა.

2022 წლის 28 იანვარს, ჩვენი ქვეყნები იზეიმებენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული თარიღით დაიწყება ახალი თავი ორი ერის მეგობრობისა და თანამშრომლობის საუკუნოვან ისტორიაში.

ინტენსიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე - ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები და შექმნილია საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოსა და პოლონეთს შორის აქტიურად ხორციელდება  მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები. პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

საქართველო და პოლონეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ქვეყნებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა ბოლო წლებში მაღალ დონეს მიაღწია. ასევე, მაღალი ინტენსიობით ვითარდება რეგიონებს შორის თანამშრომლობა, დღეისთვის 40-ზე მეტი ქალაქი და რეგიონია დამეგობრებული.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის წამყვანი და დინამიურად განვითარებადი სექტორია, შემდგომი ზრდის პოტენციალით. ჩვენი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლონელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ სასურველ და საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს. ტურისტების ნაკადის ზრდას ასევე ხელს უწყობს, საქართველოსა და პოლონეთის ქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მაღალი სიხშირე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მოიპოვებთ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გისურვებთ წარმატებებს!

ზურაბ ბერიძე
 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში